მშობლები ხშირად ვღელავთ, როცა პატარას ტერფზე თაღი არ ეტყობა, ტერფი შიგნით „ჩავარდნილი“ ჩანს ან ფეხები X-ის ფორმისაა. სინამდვილეში, ბავშვების უმეტესობის „ბრტყელი“ ტერფი ასაკის ნორმაა და ზრდასთან ერთად თავისით ყალიბდება. ასეთ ბავშვებს არც სუპინატორი სჭირდებათ და არც მყარი ორთოპედიული ფეხსაცმელი.

ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით, ტერფის რა ფორმები გვხვდება ბავშვებში, როდის შეიძლება იყოს საჭირო სუპინატორი და როდის არის ბეარფუტი ფეხსაცმელი კარგი არჩევანი.

ტერფის ფორმები: ნორმა და გადახრა

ბავშვებში გავრცელებული ფორმების უმეტესობა ნორმაა. მთავარი ორი კითხვაა: მოქნილია ტერფი თუ ხისტი, და აქვს თუ არა ბავშვს ტკივილი.

ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობა — ნორმა

ჩვილებსა და პატარა ბავშვებს თაღი არ ეტყობათ: თაღის ადგილას რბილი ცხიმოვანი ბალიში აქვთ, იოგები კი ჯერ კიდევ ელასტიკურია. თაღი თანდათან ყალიბდება — უმეტესად 5–6 წლისთვის, ზოგჯერ 8–10 წლამდე.

მოქნილი ბრტყელტერფიანობა — ყველაზე ხშირი

როცა ბავშვი დგას, ტერფი ბრტყელია, მაგრამ ფეხის წვერებზე დადგომისას ან ცერა თითის ზემოთ აწევისას თაღი ჩნდება. ქუსლის მსუბუქი ვალგუსიც, როცა ტერფი შიგნით „ჩავარდნილი“ ჩანს, ამ დროს ხშირად ნორმის ფარგლებშია. თუ ბავშვს ტკივილი არ აქვს, მკურნალობა, როგორც წესი, არ სჭირდება.

ხისტი (რიგიდული) ბრტყელტერფიანობა

თაღი ფეხის წვერებზე დგომისასაც არ ჩნდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ტერფის ძვლების შეზრდა (tarsal coalition) ან ვერტიკალური ტალუსი, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ორთოპედთან მისვლა აუცილებელია.

მაღალთაღიანი ტერფი (pes cavus)

თაღი ზედმეტად მაღალია. ბავშვებში ეს იშვიათად გვხვდება და ზოგჯერ ნევროლოგიური მიზეზი აქვს, ამიტომ ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ.

X-ისა და O-ს ფორმის ფეხები

ორ წლამდე ბავშვებს ფეხები ხშირად O-ს ფორმისა აქვთ, 3–4 წლის ასაკში კი — X-ის ფორმისა. ორივე ასაკის ნორმაა და, როგორც წესი, 7–8 წლისთვის თავისით სწორდება.

სუპინატორი: რას ამბობს მეცნიერება

სუპინატორი ბავშვს თაღს ვერ „გაუკეთებს“. მოქნილი ბრტყელტერფიანობის კვლევები, მათ შორის ცნობილი რანდომიზებული კვლევა (Wenger, 1989), აჩვენებს, რომ სუპინატორი და ორთოპედიული ფეხსაცმელი თაღის განვითარებაზე გავლენას ვერ ახდენს.

ჩვენთან ბრტყელი ტერფის დროს სუპინატორსა და მყარქუსლიან „ორთოპედიულ“ ფეხსაცმელს ხშირად თითქმის ავტომატურად ნიშნავენ. ეს დიდი ხნის ტრადიციაა, თანამედროვე კვლევები კი ასეთ რუტინულ დანიშვნას მხარს არ უჭერს.

როდის შეიძლება სუპინატორი ნამდვილად იყოს საჭირო

სუპინატორი ან ორთეზი შეიძლება საჭირო იყოს, თუ:

  • ბავშვს ტკივილი აწუხებს: უჩივის ტერფის, წვივის ან მუხლის ტკივილს, სწრაფად იღლება ან სიარულზე უარს ამბობს.
  • ტერფი ხისტია: თაღი წვერებზე დგომისასაც არ ჩნდება, და მიზეზი უნდა დადგინდეს.
  • ბავშვს ნევრომუსკულური დაავადება აქვს: ცერებრული დამბლა, კუნთების ძლიერი ჰიპოტონია (მაგალითად, დაუნის სინდრომის დროს) ან კუნთოვანი დისტროფია. ასეთ დროს ხშირად სპეციალური ორთეზებია საჭირო (SMO, AFO).
  • სახსრები ძალიან მოძრავია, ბავშვს ეს აწუხებს და საყრდენი ეხმარება — მაგალითად, ელერს-დანლოსის სინდრომის დროს.
  • ქუსლის ვალგუსი ძლიერია, ასაკთან ერთად მატულობს ან სიარულს უშლის ხელს.
  • დამატებითი ნავისებრი ძვალი (accessory navicular) ტკივილს იწვევს.
  • ბავშვს თანდაყოლილი პრობლემა უმკურნალეს ან ოპერაცია გადაიტანა — მაგალითად, ტერფის თანდაყოლილი დეფორმაციის (clubfoot) მკურნალობისას სპეციალური ბრეისი გამოიყენება.

ამ შემთხვევებშიც სუპინატორის მთავარი მიზანი ტკივილის შემსუბუქება და ტერფისთვის საყრდენის მიცემაა და არა ტერფის „გასწორება“.

ბეარფუტი: როდის არის კარგი არჩევანი

ბავშვების უმეტესობისთვის ფეხშიშველა სიარული და ბეარფუტი ფეხსაცმელი სასარგებლოა: ტერფი უფრო აქტიურად მუშაობს, კუნთები ძლიერდება, და ეს თაღის ბუნებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ დაწვრილებით სტატიაში — „ტერფის სწორად ჩამოყალიბება“.

ბეარფუტი კარგი არჩევანია, თუ ბავშვს აქვს:

  • მოქნილი ბრტყელტერფიანობა ტკივილის გარეშე;
  • ქუსლის მსუბუქი ვალგუსი 2–6 წლის ასაკში;
  • X-ის ან O-ს ფორმის ფეხები ასაკის ნორმის ფარგლებში.

თუ ექიმმა ბავშვს სუპინატორი ან ორთეზი დაუნიშნა, ბეარფუტი ამ შემთხვევაშიც მთლიანად აკრძალული არ არის. რამდენ ხანს ატაროს ბავშვმა ორთეზი და რამდენ ხანს იაროს თავისუფლად, ექიმთან ერთად გადაწყვიტეთ.

რჩევები მშობლებს

  • სიარულის დაწყებამდე ჩვილს ფეხსაცმელი არ სჭირდება — თბილი წინდა ან რბილი ჩუსტი საკმარისია.
  • როცა ბავშვი სიარულს დაიწყებს, ნება მიეცით, ხშირად იაროს ფეხშიშველა სხვადასხვა ზედაპირზე: ბალახზე, ქვიშაზე, ხალიჩაზე.
  • ფეხსაცმელი უნდა იყოს ფართოცხვირიანი და მსუბუქი, თხელი და მოქნილი ძირით, ქუსლსა და ცხვირს შორის სიმაღლის სხვაობის გარეშე.
  • ზომა ყოველ 2–3 თვეში შეამოწმეთ: ყველაზე გრძელი თითის წინ დაახლოებით 1 სმ თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს. როგორ გავზომოთ ფეხი, ამას ამ სტატიაში ნახავთ.

როდის მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან

ბავშვი პედიატრ-ორთოპედს აჩვენეთ, თუ:

  • ტკივილს უჩივის, სწრაფად იღლება ან ხშირად ეცემა;
  • ტერფი ხისტია, ან ფორმა მხოლოდ ერთ ფეხზეა შეცვლილი;
  • ფორმა ასაკთან ერთად უარესდება;
  • 2–3 წლის შემდეგაც ფეხის წვერებზე დადის.

მოკლედ

ბავშვის ტერფს ყველაზე მეტად დრო, მოძრაობა და თავისუფლება სჭირდება. ბრტყელი ტერფი და ქუსლის მსუბუქი ვალგუსი პატარებში ზრდის ჩვეულებრივი ეტაპია, სუპინატორი კი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია საჭირო. თუ რამე გაწუხებთ, ტერფი სპეციალისტს აჩვენეთ.

სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და ექიმის კონსულტაციას არ ცვლის.

წყარო

  • Wenger D. R. და სხვები. Corrective shoes and inserts as treatment for flexible flatfoot in infants and children. The Journal of Bone and Joint Surgery (Am), 1989. pubmed.ncbi.nlm.nih.gov/2663868