პატარა ფეხი ზრდასრულის ფეხის შემცირებული ასლი არ არის. ის სხვანაირად არის აგებული და სხვანაირად იზრდება. აი, რამდენიმე ფაქტი, რომელიც ფეხსაცმლის არჩევისას გამოგადგებათ.

1. ფეხში 26 ძვალია

ზრდასრული ადამიანის თითოეულ ფეხში 26 ძვალი, 33 სახსარი და ასზე მეტი კუნთი, მყესი და იოგია. ყველა ეს ნაწილი ერთად მუშაობს, რომ ფეხმა სხეულის წონა დაიჭიროს, ნაბიჯი შეარბილოს და წონასწორობა შეინარჩუნოს.

2. ახალშობილის ფეხი თითქმის მთლიანად ხრტილია

დაბადებისას ფეხის ბევრი ძვალი ჯერ კიდევ რბილი ხრტილია. ძვლად ის თანდათან, წლების განმავლობაში იქცევა, და ეს პროცესი მოზარდობამდე, დაახლოებით 18 წლამდე გრძელდება. ამიტომ ბავშვის ფეხი ადვილად იცვლის ფორმას — როგორც კარგად, ისე ცუდად, იმის მიხედვით, რა აცვია.

3. ბრტყელი ტერფი პატარაობაში ნორმაა

პატარა ბავშვის ტერფი ბრტყლად ჩანს: თაღის ადგილას რბილი ცხიმოვანი ბალიში აქვს, თაღი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ის სიარულთან და ზრდასთან ერთად, თანდათან ყალიბდება. ამის შესახებ ჩვენს სტატიაში — „ტერფის სწორად ჩამოყალიბება“ — უფრო დაწვრილებით მოგიყევით.

4. ბავშვი ვიწრო ფეხსაცმელს ხშირად ვერ გრძნობს

ბავშვის ფეხი იმდენად რბილია, რომ მოკლე ან ვიწრო ფეხსაცმელში ის უბრალოდ იკეცება — და ბავშვი არ უჩივის. ერთ კვლევაში სკოლამდელი ბავშვების საშინაო ფეხსაცმლის 88.8% ზომით მოკლე აღმოჩნდა. ამიტომ ზომის შერჩევისას მხოლოდ ბავშვის სიტყვას ნუ ენდობით — ფეხი რეგულარულად გაზომეთ. როგორ, ამას ამ სტატიაში ნახავთ.

5. პირველ წლებში ფეხი ძალიან სწრაფად იზრდება

პირველ წლებში ბავშვის ფეხი წელიწადში დაახლოებით ერთი-ორი ზომით იზრდება. ფეხსაცმელი, რომელიც გაზაფხულზე ზუსტად ერგებოდა, შემოდგომისთვის შეიძლება უკვე პატარა იყოს.

6. ორი ფეხი ერთნაირი არ არის

ბევრ ბავშვს ერთი ფეხი მეორეზე ოდნავ გრძელი აქვს. ეს სრულიად ნორმალურია. ზომის შერჩევისას ორივე ფეხი გაზომეთ და ფეხსაცმელი უფრო გრძელ ფეხს მოარგეთ.

პატარა ფეხს ბევრი არაფერი სჭირდება: ადგილი, მოძრაობა და ფეხსაცმელი, რომელიც მას ხელს არ უშლის.

წყარო

  • Klein C. და სხვები. Increased hallux angle in children and its association with insufficient length of footwear: a community based cross-sectional study. BMC Musculoskeletal Disorders, 2009. doi.org/10.1186/1471-2474-10-159