პირველი ნაბიჯი ყველა ოჯახში დიდი დღეა. ამ დღის შემდეგ კი მშობლების უმეტესობა მაღაზიისკენ მიიჩქარის: ბავშვი დადის, ესე იგი, ფეხსაცმელი სჭირდება. სინამდვილეში, აჩქარება არ ღირს.

სახლში — ფეხშიშველა

სანამ ბავშვი სიარულს სწავლობს, მისთვის საუკეთესო „ფეხსაცმელი“ საკუთარი ტერფია. ფეხშიშველა ის უკეთ გრძნობს იატაკს, უფრო მყარად დგას და ბალანსს უფრო სწრაფად სწავლობს. სახლში, თბილ იატაკზე, ფეხსაცმელი არ სჭირდება. თუ იატაკი ცივია, საკმარისია წინდა, რომელიც იატაკზე არ სრიალებს.

როდის დგება ფეხსაცმლის დრო

პირველი ფეხსაცმელი მაშინ დაგჭირდებათ, როცა ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დგას, თავისით დადის და გარეთ სიარულსაც იწყებს. ეზოში, პარკში თუ ქუჩაში ფეხს დაცვა სჭირდება — სიცივისგან, სველი მიწისგან და ბასრი საგნებისგან. ფეხსაცმლის ყიდვის დრო ასაკზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, რამდენად თავდაჯერებულად დადის ბავშვი.

როგორი უნდა იყოს პირველი ფეხსაცმელი

ბევრს ჰგონია, რომ პირველი ფეხსაცმელი მყარი და მაღალყელიანი უნდა იყოს, რომ კოჭი „დაიჭიროს“. სინამდვილეში, ბავშვს ფეხის დაჭერა კი არა, თავისუფლება სჭირდება. გერმანელმა მკვლევრებმა ბავშვების სიარული გაზომეს და აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივი ფეხსაცმელი ტერფის მოძრაობას ზღუდავს, თხელ და მოქნილ ფეხსაცმელში კი მოძრაობა ფეხშიშველა სიარულს უახლოვდება.

კარგ პირველ ფეხსაცმელს რამდენიმე ნიშნით იცნობთ:

  • ყველა მიმართულებით იხრება — ძირი ხელით ადვილად იკეცება და იგრიხება.

  • ფართო ცხვირი აქვს — თითები შიგნით თავისუფლად იშლება.

  • ძირი თხელი და ბრტყელია, ქუსლის გარეშე.

  • მსუბუქია და ფეხს არ ამძიმებს.

  • ფეხზე კარგად ჯდება — ლიპუჩკით ან ზონრით, რომ ფეხი შიგნით არ ცურავდეს.

რას ჯობია მოერიდოთ

  • ხისტ ფეხსაცმელს, რომლის ძირიც ხელით არ იკეცება.

  • ნახმარ ფეხსაცმელს — მისი ძირი და ჩასადები წინა პატრონის ფეხის ფორმას უკვე იმეორებს.

  • ფეხსაცმელს „გაზრდაზე“ — ძალიან დიდ ფეხსაცმელში ბავშვი ბორძიკობს და თითებით ფეხსაცმელს ებღაუჭება.

  • ვიწრო ან მოკლე ფეხსაცმელს. ერთ კვლევაში 858 სკოლამდელი ბავშვის საშინაო ფეხსაცმლის 88.8% ზომით მოკლე აღმოჩნდა — ამიტომ ზომა რეგულარულად შეამოწმეთ.

Froddo-ს ფეხსაცმელი პირველი ნაბიჯებისთვის

ჩვენს კატალოგში პირველი ნაბიჯებისთვის შექმნილ Froddo Barefoot First Step-ის მოდელებსაც ნახავთ: რბილი ტყავით, თხელი და მოქნილი ძირით და ფართო ცხვირით. თითოეული ფეხსაცმლის გვერდზე ზომის კალკულატორია — ჩაწერეთ ფეხის სიგრძე და ის შესაფერის ზომას თავად შეგირჩევთ.

და მთავარი: სახლში — ფეხშიშველა, გარეთ — მსუბუქი და მოქნილი ფეხსაცმელი. პატარა ფეხს მეტი არაფერი სჭირდება.

წყაროები

  • Wolf S. და სხვები. Foot motion in children shoes — a comparison of barefoot walking with shod walking in conventional and flexible shoes. Gait & Posture, 2008. doi.org/10.1016/j.gaitpost.2007.01.005

  • Klein C. და სხვები. Increased hallux angle in children and its association with insufficient length of footwear: a community based cross-sectional study. BMC Musculoskeletal Disorders, 2009. doi.org/10.1186/1471-2474-10-159